გურიის რეგიონი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ძირითადად, კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს. გურიას დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, სამხრეთით - აჭარა-გურიის ქედი, მდინარე ჩოლოქი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, აღმოსავლეთით - იმერეთი, ხოლო ჩრდილოეთით - სამეგრელო. გურიის ფართობია 2033 კვ.კმ., ქვეყნის ტერიტორიის 2,9%. გურიის მოსახლეობის რაოდენობა 139,8 ათასია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3,1%-ს შეადგენს. მხარეში შედის 189 დასახლებული პუნქტი - 2 ქალაქი, 5 დაბა და 182 სოფელი. მხარის მოსახლეობის 26,4% ცხოვრობს ქალაქებსა და დაბებში, ხოლო 73,6% სოფლებში. მოსახლეობის სიმჭიდროვე მხარის ტერიტორიაზე შეადგენს 69 ადამიანს კვ.კმ-ზე. მაღალმთიან დასახლებებს მიეკუთვნება ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ათზე მეტი სოფელი. მოსახლეობის 96% ეთნიკურად ქართველია. გურიის რეგიონში მოქმედებს სამი თვითმმართველი ერთეული: ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები. რეგიონულ დონეზე სახელმწიფოს აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი, რომლის ადმინისტრაცია ქ. ოზურგეთშია განთავსებული. ქ. ოზურგეთი დედაქალაქიდან 325 კმ-ით არის დაშორებული. რეგიონის ზღვისპირა მდებარეობა, ქ. ფოთის პორტთან და
თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან, ქუთაისის აეროპორტთან და ბათუმის აეროპორტთან სიახლოვე ქმნის კარგ პირობებს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის.
No comments:
Post a Comment